среда, 31 января 2024 г.

ადიგენის გეოგრაფია


ადიგენის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ადიგენი. რაიონი მოიცავს 20 ადმინისტრაციულ ერთეულს, ესენია: ადიგენი, აბასთუმანი, არალი, ბენარა, ხევაშენი, ბოლაჯური, გორგული, ვარხანი, წახანი, ზანავი, ლელოვანი, მლაშე, ზარზმა, მოხე, დერცელი, უდე, ფხერო, ჩორჩანი, ჭეჭლა, ზედუბანი. მუნიციპალიტეტს დასავლეთით აჭარა ესაზღვრება, ჩრდილოეთით – ჩოხატაური, ვანი და ბაღდათი, აღმოსავლეთით – ახალციხე, სამხრეთით კი – თურქეთის რესპუბლიკა.

რაიონის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილი მესხეთის ქედის, ხოლო დასავლეთი – არსიანის ქედის ფერდობებს უჭირავს, სამხრეთი ნაწილი მოიცავს ერუშეთის ქედის სუსტად დანაწევრებულ ჩრდილო ფერდობს. მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან აღმოსავლეთით კვეთს მდინარე ქვაბლიანი. მისი შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარეები: ოცხე, ღაღვი, ძინძე და კურცხანა. ადიგენში გვხვდება რამდენიმე პატარა ტბაც: კოტატბა, შავი ტბა, თლილი, წყისი და სხვა. რაიონი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით.
ქვედა სარტყელში განვითარებულია შერეული ტყე, სადაც მუხა და რცხილა სჭარბობს, უფრო ზევით გავრცელებულია წიწვნარი: ფიჭვი, სოჭი და ნაძვი. 2000 მეტრის ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. ტყეებს დიდი საკურორტო და ნაიადგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. ადიგენის ტყეებში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, მაჩვი, გარეული კატა, კვერნა, ციყვი და ა.შ. მრავალფეროვანია ორნითოფაუნაც, აქ გვხვდება: მწყერი, გვრიტი, კოდალა, შოშია, კაჭკაჭი, ბულბული და სხვა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო ჰავაა ცივი ზამთრითა და თბილი, ხანმოკლე ზაფხულით. დაბალ ზონაში საშუალო წლიური ტემპერატურა 8,0 °C-დან 6,4 °C-მდეა. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4 °C – 5,4 °C. წყარო: georgiantravelguide.com

ადიგენს გაუმარჯოს!
ადიგენელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий