ადიგენის მუნიციპალიტეტი- უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე მხარე, სამხრეთ საქართველოს, ისტორიული სამცხეს შემადგენლობაში შედიოდა. დასახლებულ პუნქტს სახელწოდება დაერქვა 1930 წელს, ახლომდებარე სოფლის -ადიგენის მიხედვით, როდესაც ახალციხის მაზრას ადიგენის რაიონი ეწოდებოდა. „ადიგენი“- წამოდგება სიტყვა „ადიგანიდან“, რაც განზე მიმავალ გზას ნიშნავს და ერქვა გზიდან განზე გაშენებულ სოფელს, შემდეგ ა-ე ხმოვნით შეიცვალა და მივიღეთ „ადიგენი“.
1930 წლამდე დღევანდელი დაბა ადიგენში ცხოვრობდა ხურციძეთა უკანასკნელი წარმომადგენელი – ბახში ბეგი, რომლის სახლში 1930-1950 წლებში პარტიის რაიონული კომიტეტი იყო განთავსებული; როდესაც ადიგენი ცალკე რაიონად გამოიყო, რაიონულმა ცენტრმა ახლომდებარე ცენტრის სოფლის სახელწოდება მიიღო და „დაბა ადიგენი“ ეწოდა.
ამ მხარის მმართველებად იყვნენ მთავრები – ხურციძეები, რომელთა სამთავრო ცენტრადაც ითვლებოდა სოფელი ჩორჩანი. დაბა ადიგენი 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში, 1917–1930 წლებში — ახალციხის მაზრაში, ადიგენს დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს.
მუნიციპალიტეტი მოიცავს ორ ურბანულ დასახლებას: დაბა ადიგენი, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგენს და კურორტი აბასთუმანი (აქვეა საყოველთაოდ ცნობილი ასტროფიზიკური ობსერვატორია, სადაც ვიზიტორთათვის ვარსკვლავებზე დაკვირვებაა შესაძლებელი). მუნიციპალიტეტში არის 55 სოფელი და 2 დაბა. ყველა დასახლება გაერთიანებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის 21 ტერიტორიულ ერთეულში.
ადიგენის მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 88 ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთები, ციხე-კოშკები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებია: ზარზმის მონასტერი, სადაც მოღვაწეობდა წმინდანად შერაცხული მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი სერაპიონ ზარზმელი, იჯარეთის მონასტერი, ჭულეს მამათა მონასტერი, სადაც ბექა ჯაყელის (აღბუღა) მიერ დაიწერა პირველი ქართული სამართლის წიგნი ,,ბექა აღბუღას სამართალი’’, სოფელი უდეს დედათა და მამათა მონასტრები, ოქროსციხე, ზანავის ციხე, ოძრხე. ბუნების ძეგლებია: გოდერძის გაქვავებული ტყე და ბენარის ფაუნა.ადიგენი საკმაოდ მდიდარია მინერალური რესურსებით.
მუნიციპალიტეტში არის თიხა და ბაზალტი, თიხის მოპოვება ფაქტობრივად არ ხორციელდება, ხოლო ბაზალტის მოპოვება ხდება მცირე რაოდენობით. აბასთუმანში არის ბუნებრივი გოგირდოვანი თბილი წყლების დიდი მარაგი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია ტყით, რომელსაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. აქვე მოიპოვება მინერალური წყალი ,,ფლატე“. სასარგებლო წიაღისეულიდან მნიშვნელოვანია: ფლატის, ღაღვის მინერალური წყლები, აბასთუმნის, ჩორჩნის, სმადის თერმული წყლები.
რაიონის ფარგლებში მოქცეულია ახალციხის მურა ნახშირის საბადოს ერთი მონაკვეთი, რომელიც არ მუშავდება. წყარო: adigeni.ge
ადიგენს გაუმარჯოს!
ადიგენელებს სალამი!
.................................
Комментариев нет:
Отправить комментарий