თელავი გამორჩეულია სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მქონე ტაძრებს, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებს, რომლებიც მრავალი საინტერესო ისტორიისა და გმირობის მომსწრენი არიან.
იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ძეგლი
იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში.
მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს.
სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.
იყალთოს აკადემია XI-XII საუკუნეებში საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომლებიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია.
იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვა. აღნიშული თეორიული კურსების გარდა, მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვა.
გადმოცემით ცნობილია, რომ იყალთოს აკადემიამ ფუნქციონირება შეწყვიტა 1616 წელს, როდესაც შაჰ-აბასის შემოსევისას ხანძრით განადგურდა მონასტერი.
1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს განმეორებით ანაექსიის შემდეგ, იყალთოს მონასტერი დაკეტეს და ღვთისმსახურება აიკრძალა. 1965 წელს ე. წ. იყალთოს „სახალხო უნივერსიტეტის“ ინიციატივით ღვთაების მონასტერში მუზეუმი გახსნეს. 1991 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ, იყალთოს მონასტრის ღვთაებისა და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება აღსდგა. 2004-2009 წლებში იყალთოს აკადემიას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.
ასევე უმნიშვნელოვანესი ძეგლებია ძველი და ახალი შუამთა, ვანთის სასახლის კომპლექსი, კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა.
თელავის ისტორიული მუზეუმი
ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სასახლეში განთავსებულია თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატია წარმოდგენილი: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII XIX სსის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ტექსტილის, ხელნაწერთა და ფერწერული ტილოების კოლექციები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ფოტოფონდი და სხვა.
წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში.
წინანდლის სასახლე ეკუთვნოდა გარსევან ჭავჭავაძეს – მეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუსეთში. სასახლე მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს – ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს.
წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული და ლითოგრაფიული ნიმუშები, მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის – ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული და რუსული ჭურჭელი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად.
ძველი შუამთა ქართული მართლმადიდებლური მონასტერი კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე.
სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა; VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა.
მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. ახალი შუამთის მთავარი ტაძარი, აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით — მოხატული. შემონახულია ქტიტორთა პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ორივე ეკლესია ერთდროულადაა აგებული შუამთის მონასტრის წინამძღოლის მიერ, რომელმაც პატარა ეკლესია თავისი განმარტოებისათვის ააგო. ამ ეკლესიის ქვეშ განთავსებულია საძვლე.
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერია კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია. იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
თელავს გაუმარჯოს!
თელაველებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий